სსო მეტრი - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საარსებო გარემოს შეფასება

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ინტერნეტი და ინოვაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | ანგარიში 24 მაისი 2022

კომპლექსურმა სოციალურ-ეკონომიკურმა მოვლენებმა, პოლიტიკურმა დაძაბულობამ და კოვიდ პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოზე. ამასთან, ხელისუფლებამ გამოავლინა გარკვეული უარყოფითი დამოკიდებულებები სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული ნაწილის მიმართ. მიუხედავად ზოგადი პოლიტიკური გარემოს გაუარესებისა, მიმდინარე მოვლენები არ ასახულა სსო-ების საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო ბაზაზე და სამოქალაქო საზოგადოება მიმდინარე პოლიტიკური რყევების მიმართ სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი რჩება.

 

2020-2021 წლებში საქართველო გაგნრძობადმა პოლიტიკურმა კრიზისმა და ანტიდემოკრატიულმა მოვლენებმა მოიცვა. არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 2021 წლის ოქტომბერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებამ. ყოფილი პრეზიდენტი წლების განმავლობაში ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ სამშობლოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაბრუნდა, რის შემდეგაც იგი დააკავეს მისი პრეზიდენტობის დროს ჩადენილ დანაშაულებში მსჯავრდების გამო. თუმცა, ის ამ ბრალდებებს უარყოფს, ამტკიცებს რა, რომ მისი მსჯავრდება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. [1] პოლიტიკური განხეთქილება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის სულ უფრო ღრმავდებოდა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ეროვნული თანხმობის მიღწევაზე მიმართული მცდელობები არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში წარუმატებელი აღმოჩნდა. [2]

 

ამ პოლიტიკურმა მოვლენებმა დიდწილად გადაფარა ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული სოციალურ-ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი, რომელიც კოვიდ პანდემიით კიდევ უფრო გაუარესდა და მკვეთრად გაართულა უმეტეს პოლიტიკის საკითხებზე ეფექტიანი ადვოკატირების შესაძლებლობები. სსო-ებს გაურთულდათ პოლიტიკური ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანა და პოლიტიკის წარმოების პროცესში მასზე ზეგავლენისთვის ეფექტიანი ჩართულობა, მით უმეტეს, რომ ოპოზიციის უმრავლესობა ყოველდღიურ საპარლამენტო საქმიანობაში ჯერ კიდევ არ მონაწილეობს, ოპოზიციური პარტიების სრული და აქტიური ჩართულობის გარეშე კი პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობის ლეგიტიმურობის შესახებ გარკვეული კითხვები არსებობს.


პოლიტიკური რყევების გარდა, სსო-ების გარემოზე სერიოზულ დარტყმას წარმოადგენდა ფარული მიყურადება/თვალთვალის სკანდალი - ინტერნეტში გაჟონილი დოკუმენტები, რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოქალაქეების ფარულ თვალთვალზე მიუთითებდა, და მოიცავდა მათ შორის სსო-ების წარმომადგენლების, ჟურნალისტების, დიპლომატების, სასულიერო და სხვა პირების სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო პირველი სახელმწიფო ორგანო, რომელმაც ამ გაჟონილი ფაილების საფუძველზე პროკურატურას უკანონო თვალთვალის და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

 

მოგვიანებით, 2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო მოულოდნელი გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მისი მანდატის ორ ახალ სუბიექტზე გადანაწილების შესახებ. ეს საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, სსო-ებთან და თვით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ყოველგვარი კონსულტაციებისა და განხილვის გარეშე.[3] პარლამენტი ამტკიცებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ იქნა საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციების შეუთავსებლობისა და, შესაბამისად, ამ მანდატებისთვის დამოუკიდებელი ორგანოების შექმნის აუცილებლობის საფუძველზე. თუმცა, დაინტერესებული მხარეების უმეტესობა, მათ შორის თავად სახელმწიფო ინსპექტორი, ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ მისი და მისი მოადგილეების გათავისუფლების საბაბი იყო იმ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორმა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით მიიღო.[4] ეს გადაწყვეტილება, დამოუკიდებელი სახელმწიფო სამსახურის გაუქმების შედეგად დემოკრატიული პროცესების დაზიანების და მთავრობის ანგარიშვალდებულების შელახვის არგუმენტით, მწვავედ გააკრიტიკეს ადგილობრივმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა [5] და საერთაშორისო აქტორებმა [6].

 

კორონავირუსის პანდემიის გამო ასევე დაწესდა უფლებებისა და თავისუფლებების გარკვეული შეზღუდვები, რაც გამოწვევას უქმნის სსო-ს წარმომადგენლების დროულ და პირად მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ასევე გრძელვადიანი გეგმებისა და სამუშაო გრაფიკების შემუშავებას. პანდემიამ სსო-ების წარმომადგენლებს,  სამოქალაქო პირებსა და მოხალისეებს უბიძგა გაეერთიანებინათ რესურსები სიღარიბესა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამუშაოდ, თუმცა სსო-ების წვლილის ეს პოზიტიური მაგალითები სახელმწიფოს მხრიდან არ გადაითარგმნა პოლიტიკისა და დამოკიდებულების ცვლილებაში, რადგანაც ამას შედეგად მოხალისეობისა და ქველმოქმედების მხარდასაჭერად რაიმე სახის წამახალისებელი ღონისძიება არ მოჰყოლია.

 

ასევე, არ ყოფილა პროგრესი სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის მიმართულებით, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისა და საკანონმდებლო დაბრკოლებების აღმოფხვრის კუთხით, რაც ადგილობრივ თვითმმართველობებს საშუალებას მისცემდა სსო-ებისთვის სახელმწიფო გრანტები გაეცათ. სიტყვის თავისუფლება, ისევე როგორც მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება, თვითნებური ხელყოფისაგან პრაქტიკაში ეფექტიანად კვლავ არ არის დაცული. ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო მაინც ვერ უზრუნველყოფს, რომ სსო და მასთან დაკავშირებული პირები, ისევე როგორც ლგბტქია+ თემი, იყოს სრულად დაცული, მათ შორის ფიზიკური ზიანისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები უზრუნველყოფს ინტერნეტზე წვდომას და ციფრულ უფლებებს, ასეთი უფლებების დაცვის რეალური მექანიზმები დამატებით საჭიროებს განვითარებას.

 

საერთო ჯამში, სსო-ს გარემო არ გაუარესებულა და ის ძირითადად იგივე რჩება. ქვეყანაში კვლავ პრობლემურია ის საკითხები, რომლებიც წინა რეკომენდაციებში იქნა განხილული, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განახლება, რეგულაციების ადაპტირება, რომლებიც სავალდებულოს გახდის საზოგადოების მონაწილეობას მთავრობის მიერ კანონპროექტების ან სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში, გრანტის გამცემი სუბიექტების სიაში მუნიციპალიტეტების დამატებას, სახელმწიფო დაფინანსების ერთიანი საკანონმდებლო სტანდარტების შემუშავება, ინტერნეტ ინფრასტრუქტურის, კონკურენციისა და ხარისხის გაუმჯობესებას, რათა საქართველოს მოქალაქეებმა თანაბრად ისარგებლონ ციფრული თავისუფლებებით და გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები განვითარების პროცესებში შინაარსობრივი ჩართულობისთვის.

 

ანგარიშის ძირითადი რეკომენდაციებია:

 

1. საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს სისტემური ხედვა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის შესახებ, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე და შემდგომ მოახდინოს ამ სტანდარტების ინსტიტუციონალიზაცია;


2. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა შეიმუშაონ სახელმწიფო დაფინანსების ერთიანი საკანონმდებლო სტანდარტები, რომლებიც მოიცავს გრანტის მინიჭების პროცესის შესახებ მკაფიო სახელმძღვანელო მითითებებს, დისკრიმინაციული და თვითნებური გადაწყვეტილებების აღსაკვეთად, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის მიზნით. (მათ შორის, გადაწყვეტილებების მიღების მონაწილეობითი პროცესი, შერჩევის კრიტე-რიუმების წინასწარი განსაზღვრა, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, გამჭვირვალობა და ა.შ.);

 

3. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეიტანოს აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების სფეროში ყოვლისმომცველი სამართლებრივი გარანტიების შესაქმნელად, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის განხორციელებისა და მისი ზედამხედველობის გაზრდის გზით. ამასთან, საქართველოს მთავრობამ რეფორმის პროცესში საწყისი ეტაპებიდანვე უნდა უზრუნველყოს სსო-ებთან კონსულტაციების გამართვა და მათი ჩართულობა;

 

4. პროკურატურამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს და დროულად გამოიძიოს სსო-ების წარმომადგენლების, ჟურნალისტების და სხვათა სავარაუდო უკანონო და თვითნებური თვალთვალის შემთხვევები, უზრუნველყოს ყველა შესაბამისი აქტორისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება და მათი წვდომა საქმის მასალებზე, ამავდროულად აცნობოს საზოგადოებას გამოძიების პროგრესის შესახებ;

 

5. საქართველოს მთავრობამ ეროვნულ დონეზე უნდა შეიმუშაოს და მიიღოს ერთიანი სტანდარტები/წესები კანონპროექტების განხილვისა და პოლიტიკის დაგეგმვისას  საჯარო კონსულტაციების გამართვის შესახებ, მათ შორის, მკაფიოდ, სავალდებულო ეტაპად განსაზღვროს მონაწილეობითი პროცესი (კონსულტაციები) დადგენილებების,  კანონპროექტების, სტრატეგიული დოკუმენტების და სხვა ინსტრუმენტების შემუშავებისას და განსაზღვროს პასუხისმგებლობა ამ ვალდებულების დარღვევისას;

 

6. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად, გრანტის გამცემი სუბიექტების სიაში მუნიციპალიტეტების დამატებით, ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფო დაწესებულებებს მხარი დაუჭირონ ადგილობრივ ინიციატივებს;

 

7. საქართველოს მთავრობამ სსო-ებთან აქტიური თანამშრომლობით უნდა უზრუნველყოს MONEYVAL-ის რეკომენდაციების შესრულება და თავიდან აიცილოს სსოს საარსებო გარემოს არასაჭირო გაუარესება.

 

 

____

1. BBC, მიხეილ სააკაშვილი: ემიგრაციიდან დაბრუნების შემდგომ ქართველი ექსპრეზიდენტი დააკავეს, (1, ოქტ. 2021) https://www.bbc.com/news/world-europe-58767420


2. Agenda.ge, პრეზიდენტი ზურაბიშვილი: ეროვნული შერიგების ინიციატივა რთული შესასრულებელია, მაგრამ პროცესი გამჭვირვალეა, (21 დეკ. 2021), https://agenda.ge/en/news/2021/4005; აშშ-ის საელჩოს განცხადება ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, (29 ივლისი, 2021) https://ge.usembassy.gov/us-embassy-statement-on-georgian-dreams-withdrawal-from-april-19th-agreement/

 

3. სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ შემოთავაზებული რეფორმის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო, მაშინ როცა დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა, კანონპროექტზე არც მას და არც ფართო საზოგადოებას, განხილვის შემდგომ ეტაპებამდე წვდომა არ ჰქონდათ. https://personaldata.ge/en/press/post/7793 

 

4. ლონდა თოლორაის განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, (30, დეკ.. 2021), https://personaldata.ge/en/press/post/7814 


5. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების საკანონმდებლო ცვლილებაზე ვეტოს დადების შესახებ, https://socialjustice.org.ge/ka/products/sakhelmtsifoinspektoris-aparatis-gaukmebis-sakanonmdeblo-tsvlilebaze-vetos-dadebis-shesakheb 

 

6. საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადება: - https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=10159660050822954&id=55448127953; საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ელჩების განცხადებები - https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2687214558088039&id=295537447255774 
ევროკავშირის დელეგაცია პასუხობს საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სასამართლო სისტემის შესახებ განხილულ ცვლილებებს https://eeas.europa.eu/delegations/georgia/109365/eu-delegation-responds-expedited-procedures-georgian-parliamentrelating-state-inspectors_en?fbclid=IwAR2P8ZTefy3eYkgAN_RjS-anJZ1Xje5ZcxV19300L6plY7ru678m7l6DQtk 

 

 

/public/upload/00_studies/_CSO-Meter-report-GEO-2021.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024